ამირან გამყრელიძე: გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ განახლებული მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი
გრიპის ვირუსით კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჰოსპიტალიზაციის და გართულებული შემთხვევების მაჩვენებელი განახევრებულია.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უწყებას გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალ ექნება. თუმცა მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, სტატისტიკა საგანგაშო არ არის.
„ხვალ გვექნება სტატისტიკა, ამ კვირის შემაჯამებელი მონაცემები. რამდენადაც მე წინასწარი ინფორმაცია მაქვს, არ არის მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ დაზუსტებული სტატისტიკა ორშაბათს იქნება. ჩვენ, დღეს ვმსჯელობთ ერთი კვირის წინანდელი სტატისტიკით, რომლის დინამიკაც გახლავთ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმართვიანობის ზრდა, მაგრამ მძიმე შემთხვევების მაჩვენებელი, სადაც ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, იქ პირიქით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებულია. ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქია და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ეროვნული ცენტრის სამედიცინო სექტორი მზად არის პაციენტთა გაზრდილი ნაკადის მისაღებად. ქვეყანაში გრიპის სეზონი კიდევ დაახლოებით, სამი თვე გაგრძელდება. მოქალაქეებს აცრის გაკეთებისკენ მოვუწოდებ. ვაქცინის საკმარისი მარაგი არის, თუმცა საყურადღებოა, რომ აცრიდან დაახლოებით ორი კვირა არის საჭირო ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებისთვის”,- განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება გრიპის სიმპტომებს, მედიკოსების განმარტებით, გრიპის სიმპტომები მაღალი სიცხე, ხველა და სახსრების ტკივილია. გრიპის ვირუსისგან თავის დასაცავად მთავარი რეკომენდაცია ხელის ხშირი დაბანა, ოთახის განიავება და პირბადის ტარებაა.