ზუგდიდში 6500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 6500 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
როგორც სოკარ-ჯორჯიას წარმომადგენელმა, გია დარსანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაზიანებულია 250 მეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეწყდა.
“წაღვერის ქუჩაზე, კომპანია „ფაიფერი“ ასრულებდა წყალმომარაგების სისტემის სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა 250 მეტრიანი მაგისტრალი. ვერ ხერხდება აღდგენითი სამუშაოების დაწყება. ამ წუთებში აქ იმყოფებიან სამართალდამცველები“,- განაცხადა დარსანიამ.
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე სოფელი ინგირი და კონფლიქტისპირა სოფლები.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფაიფერის“ მიერ ბუნებრივი აირის მაგისტრალის დაზიანების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სოკარ-ჯორჯიას წარმომადგენლის თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს ხვალიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.