აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში ვიზიტი გადადო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, 3–7 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და კვიპროსზე გადადო.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ამის მიზეზი გახდა ერაყში აშშ–ის საელჩოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პომპეო ვაშინგტონში უნდა დარჩეს, რათა ერაყში მიმდინარე მოვლენებს დააკვირდეს, ასევე ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
როგორც დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა აღნიშნა, ვიზიტის ახალი თარიღი “უახლოეს დროს შეჯერდება”.
ბაღდადში აშშ–ის საელჩოსთან ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. შეკრებილები ამერიკელების მიერ “ქათაიბ ხეზბოლას” წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს აპროტესტებდნენ. იერიში საპასუხო ხასიათს ატარებდა, რომლის დროს ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.
აშშ–ის პრეზიდენტმა საელჩოსთან არეულობის მოწყობაში ირანი დაადანაშაულა და თეირანი გააფრთხილა, რომ ის “სრულ პასუხისმგებლობას აიღებს”.
აშშ–ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა, 31 დეკემბერს, ახლო აღმოსავლეთში 750 ამერიკელი სამხედროს გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.