მუცოს რესტავრაციის პროექტს არქიტექტორთა კავშირის ჯილდო გადაეცა

მუცოს რესტავრაცია კიდევ ერთი ჯილდოს ლაურეატი გახდა. პირიქითა ხევსურეთის ციხე-სოფლის აღდგენის პროექტმა ამჯერად საქართველოს არქიტექტორითა კავშირის აღიარება დაიმსახურა. განხორციელებულ პროცესში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისთვის სპეციალური პრიზები გადაეცა სარესტავრაციო კომპანია „არქიტექსს“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ფონდ „ქართუს“, რომელიც სააგენტოსთან ერთად პროექტის მთავარი დონორი იყო.
ისტორიული ციხე-სოფლის აღდგენის საქმეში განსაკუთრებული ღვაწლისთვის არქიტექტორთა კავშირის სპეციალური ჯილდო მიენიჭა მუცოს სარესტავრაციო პროექტის ხელმძღვანელს იოსებ ბანძელაძეს, რომლის სახელის უკვდასაყოფად დაწესებული პრიზი მისი ოჯახის წევრებს გადაეცათ.
პრიზების ლაურეატებთან ერთად, ისტორიული სოფლის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის დაჯილდოვდნენ საპროექტო ჯგუფის წევრებიც.

კავშირისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მომდევნო წლიდან არქიტექტორთა კავშირის ყოველწლიური კონკურსის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის რჩეული პროექტებისთვის დაწესდება საგანგებო პრიზი, რომელიც იოსებ ბანძელაძის სახელობის იქნება.
არქიტექტორთა კავშირის ჯილდოს მოპოვებამდე მუცოს სარესტავრაციო პროექტმა აღიარება საერთაშორისო მასშტაბითაც ჰპოვა. მიმდინარე წლის 18 მაისს ის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული გახდა, ხოლო 29 ოქტომბერს, პარიზში გამართულ კულტურული მემკვიდროების სამიტზე მუცოს პროექტმა ევროპის ქვეყნების საზოგადოებრივი რჩეულის პრიზი მოიპოვა.
ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის 6-წლიან პროექტს, 2014 წლიდან, საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „არქიტექსი“ ახორციელებდა.
რეაბილიტაციის საწყისი 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ (2014-2015 წწ) 1 მილიონ 450 ათასი ლარი შეადგინა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში კი საქველმოქმედო ფონდის მიერ გაღებული დანახარჯების ჯამურმა ოდენობამ 1 მილიონ 900 ათასი ლარი მოიცვა.
სამუშაოები ითვალისწინებდა სოფლის ორივე უბნის სრულ რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურულ მოწყობას. რეაბილიტირდა კომპლექსის ციხე კოშკები და შენობა-ნაგებობები. ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო სახურავები. აღდგა ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები, ხის კარ-სარკმელები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები