შოთა გულბანი: ტურისტულ ბიზნესზე საქართველოს ბევრი მოქალაქის შემოსავლებია დამოკიდებული, ვინც ტურისტების შემოსვლას ხელს უშლის, თავისი ხალხის მტერია
„2019 წელი ეკონომიკურად საკმაოდ წარმატებით სრულდება. პირველ რიგში, აღსანიშნავია ეკონომიკური ზრდა, კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის თვიური მაჩვენებელი საკმაოდ წარმატებით პროგრესირებს მთელი წლის განმავლობაში და იანვარ- ნოემბერში საშუალო ზრდა 5,3% დაფიქსირდა, ნოემბერში კი – 6,4%, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წლიური ზრდა აუცილებლად გადააჭარბებს საპროგნოზო 4,5%-ს“, – განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა ნოემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას. აღნიშნული ინფორმაცია „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.
შოთა გულბანმა ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ფაქტორებიდან აქცენტი დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდაზე გააკეთა, რომელიც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით თითქმის 20%-ით გაზრდილია, ასევე ექსპორტის ზრდის შეუქცევად დინამიკაზე, რაც ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 11,7%-ით.
ექსპერტის თქმით, მშპ-ს ზრდაზე ასევე დიდი გავლენა აგრეთვე ტურიზმის სექტორში არსებულმა მიღწევებმა. „2019 წელს ჩვენს ქვეყანაში 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ასეთი შედეგი ჯერ არ გვქონია. თან ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში დექსტრუქციული ძალები მუდმივად არეულობის რეჟიმში ამყოფებენ საზოგადოებას. მათ საქციელს ერთადერთი რამ ჰქვია – მავნებლობა. ტურისტულ ბიზნესზე საქართველოს ბევრი მოქალაქის ცხოვრება და შემოსავლები არის დამოკიდებული და შესაბამისად ვინც ტურისტების შემოსვლას ქვეყანაში პირდაპირ თუ ირიბად ხელს უშლის, ის თავისი ხალხის მტერია“, – განაცხადა შოთა გულბანმა.