“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის
“მიუხედავად არაერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს”,- ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მასში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა.
„არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთებული მიმართვისა და თხოვნისა, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა.
კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის.
აქვე, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მთელი გუნდის სახელით მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! სრულიად საქართველოს ვუსურვებთ ღირსეულ და ბედნიერ მომავალს,”-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა დღეს ეწურება. ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა გაწყვეტს თუ არა ხელშეკრულებას კონსორციუმთან.