გიორგი გახარია: მთავრობას და ოპოზიციას სხვადასხვაგვარად გვაქვს განაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას

2019 წელი საკმაოდ დინამიკური და გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა გვქონდა სერიოზული მიღწევებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლება როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის ერთიანი ჯაჭვია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს, წინამორბედ მამუკა ბახტაძეს და მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ყველა წევრს გაწეული უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის. დიდი მადლობა კაბინეტის ყველა ყოფილ წევრს, ჩემს წინამორბედ მამუკა ბახტაძეს 2019 წელს დაწყებული შრომისთვის. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და ქვეყნის განვითარებაში”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები