ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია ზავრაშვილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი დავით გიგინეიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის ფარგლებში გამარტივებული პროცედურები გააცნო. თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს და ხაზი გაუსვეს სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს, რის შედეგადაც მათ ლიცენზიების მოპოვება და ინერტული მასალების დამუშავების პროცედურები გაუმარტივდათ.
მიმდინარე შეხვედრას, ძირითადად, ქვიშისა და ინერტული მასალების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები დაესწრნენ. მათ მიერ წარმოებული პროდუქციით, ძირითადად, ადგილობრივი სამშენებლო სექტორი სარგებლობს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, წიაღის სექტორის რეფორმა პრიორიტეტულია და აღსანიშნავია, რომ ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს და სავსებით ლოგიკური იყო დარგთან მსგავსი მასშტაბური შეხვედრის გამართვა.
„ინერტული მასალების მოპოვება-გადამუშავება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში და მას დიდი წვლილი შეაქვს სამშენებლო ინდუსტრიაში. თავის მხრივ, სახელმწიფო ხელს უწყობს ამ ინდუსტრიას ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით. ინერტული ტიპის წიაღის მოპოვების საჭიროება და აქტუალობა დიდია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ეს ინდუსტრია ორიენტირებული უფრო მსხვილ ტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მხოლოდ მოპოვებით არ შემოიფარგლებოდნენ ჩვენი მეწარმეები და ძირითადი აქცენტი გადამუშავებაზე კეთდებოდეს. მისასალმებელია, რომ დღეს უკვე იმდენი შესაძლებლობა შეიქმნა და იმდენად შემოსავლიანია ეს ბიზნეს საქმიანობა, იმხელა რესურსი აქვთ მეწარმეებს, რომ ყველა ფიქრობს გადამუშავებაზე, განვითარებაზე, გაფართოებაზე. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, დავიწყეთ პროცედურების გამარტივება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, კანონში შედის და პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გასულია ცვლილება, რომ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს მოპოვებას და პარალელურად, გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების სურვილი აქვს, სახელმწიფო უფრო შეღავათიანად, მარტივად და ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე გადასცემს მიწას, რომელზეც უნდა ააშენოს საწარმო და დაასაქმოს ადამიანები.
„ჩვენ ასევე გავაცანით შეკრებილებს“ ერთი ფანჯრის“ პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, კომპანიებს არ უნდა უხდებოდეთ ერთი და იგივე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში ცალ-ცალკე სიარული და წერილების მიწერა, ეს ყოვლად მიუღებელია. როგორც სხვა დარგებში ვახორციელებთ „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვას, ასევე წიაღის მოპოვებაშიც დავნერგეთ ეს პრინციპი. წიაღის სააგენტო უკვე სრულად არის დიგიტალიზებული და თავად მეწარმეებმაც აღნიშნეს, რომ არ უხდებათ თბილისში ჩამოსვლა და ადგილზე შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება.  შემდეგი ეტაპია, გავამარტივოთ შეთანხმებების პროცედურები სხვადასხვა სტრუქტურასთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისათვის, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე მოინახულა სოფელ ქსოვრისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი). შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფის“ ინერტული მასალების გადამამუშავებელი საწარმო.
კომპანიაზე 2018 და 2019 წლებში გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 3 ლიცენზია, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქსოვრისის და სოფ. თეზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ქსნის ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე; სამივე ლიცენზიის საერთო ფართობია – 172 990 კვ.მ; ქვიშა-ხრეშის ჯამური მოცულობა  – 518 970 მ3, ლიცენზიების გასაყიდი ფასი ჯამში  შეადგენს 582 726,3 ლარს. ლიცენზიები მოქმედია 2023 წლის ბოლომდე.
2019 წელს შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ“-მა საქართველოში ჩამოიტანა ევროპის სტანდარტის შესაბამისი დანადგარები, რომლის საშუალებითაც კომპანიას სურს, რესურსის გადამუშავება მოხდეს ადგილზე. ამ მიზნით საწარმოში დაასაქმა 30 ადამიანი და მომდევნო წლებში აღნიშნულმა კომპანიამ შესაძლოა გაზარდოს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. კომპანია განახორციელა 4 000 000 ლარის ინვესტიცია. საწარმოს მშენებლობა დასრულდა 2019 წლის სექტემბერ/ოქტომბერში.
გარდა ამისა, მინისტრმა ასევე დაათვალიერა სურამთან შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას“ კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიაზე 2018 წელს გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სურამის“ კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვებაზე 20 წლის ვადით, წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 254 100 მ3, სალიცენზიო ფართობი – მიწის მინაკუთვნი ფართობით 16 020 კვ.მ, სამთო მინაკუთვნი ფართობით 36 300 კვ.მ; საერთო ფართობი – 52 320 კვ.მ, ლიცენზიის გასაყიდი ფასი შეადგენს 107 477,5 ლარს. ლიცენზია მოქმედია 2038 წლამდე.
2019 წელს შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“-მ საქართველოში ჩამოიტანა ევროპის სტანდარტის შესაბამისი დანადგარები, რომლის საშუალებითაც კომპანიას სურს, რესურსის გადამუშავება მოხდეს ადგილზე. ამ მიზნით საწარმოში დაასაქმა 35 ადგილობრივი მოქალაქე და მომდევნო წლებში აღნიშნულმა კომპანიამ შესაძლოა გაზარდოს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. კომპანიამ განახორციელა 3 500 000 ლარის ინვესტიცია. საწარმოო დანადგარების მშენებლობა/ინსტალაცია დასრულდა 2019 წლის ნოემბერში.
ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერში შპს „ა1 პემზას“ საწარმო. კომპანიაზე 2018-2019 წლებში გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 3 ლიცენზია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ოკამის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოკამის“ ვულკანური წიდის მოპოვებაზე; სამივე ლიცენზიის ვულკანური წიდის ჯამური მოცულობა შეადგენდა 243 680 მ3-ს, მთლიანი ფართობი შეადგენს 24 180 კვ.მ-ს, ლიცენზიების გასაყიდი ფასი ჯამში შეადგენს 214 834,9 ლარს. კომპანია ლიცენზიების მოქმედების ვადაში დაასაქმებს 48 ადგილობრივ მოქალაქეს. მომდევნო წლებში აღნიშნულმა კომპანიამ შესაძლოა გაზარდოს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.
კომპანია ფლობს ლიცენზიას ოკამის ვულკანური წიდის საბადოზე. წიდის ტრანსპორტირებას ახორციელებს წაღვერის საწარმოში და ახორციელებს რესურსის გადამუშავებას. წიდის ნედლეულს კომპანია იყენებს პემზის ბლოკის დასამზადებლად, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებში. კომპანია დამუშავებული რესურსით ამარაგებს ადგილობრივ ბაზარს. მოთხოვნა ამ ტიპის პროდუქციაზე საკმაოდ მაღალია.
კომპანიამ განახორციელა 3 000 000 ლარის ინვესტიცია. საწარმოს მშენებლობა დასრულდა 2019 წლის დეკემბერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები