ბიბილოვმა 2020 წელი ე.წ. რესპუბლიკაში „გენოციდის“ წლად გამოაცხადა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2020 წელი ოსების ე.წ. გენოციდთან დაკავშირებით „ხსოვნის წლად“ გამოცხადდა.
შესაბამის ბრძანებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ე.წ. გენოციდის თემა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაააქტიურა. 9 ივლისს მან განაცხადა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, „საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით, 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.
1-ელ აგვისტოს კი, ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმას „გენოციდის“ აღიარების თხოვნით მიმართა. მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ „1920 წლის 12 ივნისს ქართულმა არმიამ, პოლკოვნიკ ჩხეიძის ხელმძღვანელობით, სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო. საქართველოს ჯარმა ცხინვალიდან დაწყებული სოფელ რუკამდე ხალხი დახოცა, არ ინდობდა არც ბავშვებს, არც ქალებს, არც მოხუცებს“.
რამდენიმე დღეში ცხინვალს დუმაში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ „საქართველოს მიერ ოსების გენოციდის“ საკითხი ყურადღებით შესწავლას საჭიროებს.
ნოემბრის ბოლოს დუმის სამუშაო ჯგუფი ცხინვალში ჩავიდა, სადაც მათ „შესაბამისი მასალები“ გადასცეს.