ნათია თურნავა: შაჰდენიზი და ტანაპი მოსახლეობის ჯიბეზე აისახება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებთ, დიდი და სტრატეგიული პროექტები, როგორებიცაა შაჰდენიზის მეორე ფაზა და ტანაპი, მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების გაზრდისათვის, ასევე ახდენს გეოპოლიტიკური მდებარეობის კაპიტალიზაციას და ამავდროულად პროექტი თითოეული მოსახლის ჯიბეზეც აისახება.
თურნავა პროექტს საუკუნის რეგიონალური პროექტად აფასებს და აღნიშნავს, რომ თუ დღეს ეს გაზსადენი 6 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს ატარებს, მისი გაფართოების მეშვეობით, გაზის მოცულობა თითქმის ოთხმაგდება.
„ის ქვოტა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი კუთვნილი სატრანზიტო გაზით და დერეფნის ფუნქციის შესრულებით, რა თქმა უნდა, უახლოეს წლებში გაიზრდება და ეს არის შეღავათიანი გაზი. სწორედ ამ პერსპექტივით მივუდგებით სატარიფო პოლიტიკას და იცით, რომ სემეკ-მა იმსჯელა და ცალკე განიხილა თბილისის გაზმომარაგების ტარიფები. ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობა დავამშვიდოთ, რომ უახლოესი სამი წელი ეს ტარიფი არ გაიზრდება და როგორც ვნახეთ, სიმბოლური კლებაც კი იყო. ამ დღეებში სემეკი განხილავს დანარჩენი საქართველოს ტარიფებს და მაქვს დიდი იმედი, რომ გაზის ტარიფები არ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბურ გაზიფიკაციას ვატარებთ და მთელი საქართველოს 85% იქნება გაზიფიცირებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ,ტელეკომპანია პალიტრას ეთერში.