გიორგი ვოლსკი: მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა კულტურის დარგის გამაძლიერებელი ვერანაირად ვერ იქნება
კულტურის მოღვაწეთა მოთხოვნას, რომ კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად გამოიყოს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
მისი თქმით, მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა კულტურის დარგის გამაძლიერებელი ვერანაირად ვერ იქნება.
“დარგს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი. შეიძლება ეს იყოს გამსხვილებული სამინისტროს ფორმატში და შეიძლება იყოს ცალკე. რეალურად, სახელმწიფო საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე სამინისტრო რასაკვირველია უფრო ეფექტური იყო, თუმცა მე არ მგონია, რომ ეს პანაცეაა. მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა, ვერანაირად ვერ იქნება კულტურის დარგის გამაძლიერებელი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე წერილობით მიმართეს.