გიგა ბოკერია: გზა, რომელსაც დღეს ქვეყანა ადგას, არის ქართველი ხალხისთვის მიუღებელი
“ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო ის გზავნილი, რაც საქართველოს მეგობრებისგან იყო მოსალოდნელი.
მისივე თქმით, გზა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ადგას ქართველი ხალხისთვის მიუღებელია.
“ხელისუფლების პროპაგანდა, ივანიშვილის, სამარცხვინო ლიდერის კლოუნები ამ მიმართულებით რომ წავიდნენ, არის დასტური, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან.
სადაც პრობლემაზეა საუბარი, ის არის გზავნილი. განცხადებას იმაზე ხომ არ აკეთებენ, რომ კარგად არის საქმეო. ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ეს პროპაგანდა გვერდზე უნდა გადავდოთ. რეალურად, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო ის გზავნილი, რაც საქართველოს მეგობრებისგან იყო მოსალოდნელი. გზა, რომელსაც ის დღეს ადგას, არის ქართველი ხალხისთვის მიუღებელი, არის მტრობა საქართველოს ინტერესებისა და აქედან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებისთვის სერიოზული პრობლემა, რასაც მოჰყვება პერსონალურად მისთვის და მისი კლოუნებისთვის მძიმე შედეგები, თუ ამას გააგრძელებს, არა იმიტომ, რომ ვინმე ჩვენ საქმეებში ერევა, არამედ იმიტომ, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და მის არჩევანს. ვინც ამ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, მათთან ექნებათ პრობლემები და ეს არის ამ გზავნილის შინაარსი“ ,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. “ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია განცხადებაში.