გიორგი დოხტურიშვილი: ლევან ხაბეიშვილს სხდომების ჩაშლის საშუალება არ მიეცემა

ლევან ხაბეიშვილს სხდომების ჩაშლის საშუალება არ მიეცემა – რამდენჯერაც ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ ადეკვატურ პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძეს და ლევან ხაბეიშვილს შეუძლიათ ურთიერთობები გაარკვიონ სხვა ნებისმიერ ადგილას, სადაც სხდომა არ მიმდინარეობს.

“ლევან ხაბეიშვილი დღეს სხდომის ჩაშლას ცდილობდა. ითხოვდა, რომ ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა. რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძესა და ხაბეიშვილის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები მათ შეუძლიათ გაარკვიონ სხვა ნებისმიერ ადგილზე, სადაც სხდომა არ მიმდინარეობს. ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის დღეს ჩვენს რიგებში აღარ არის. ლევან ხაბეიშვილს არ მიეცემა საშუალება სხდომების ჩაშლის, ჩემი თანაგუნდელების შეურაცხყოფის. რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს”, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და „ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფიზიკური დაპირისპირება გიორგი დოხტურიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთისადმი მიმართვის ფორმებმა გააღიზიანა.

ლევან ხაბეიშვილი ითხოვდა, კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს, რომელიც სხდომას ესწრებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, საკრებულოს დეპუტატებს გარემოს დაცვის კომისიის სხდომის დაწყების საშუალებას არ მისცემდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები