ეკა ბესელია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: რეალურად რომ შევხედოთ, ძალიან მწვავე შეფასებაა
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, განცხადება საქართველოს ხელისუფლებისადმი, საკმაოდ მწვავეა.
“სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის ფარგლებში ცვლილებები მომზადებულია ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში, არის ორი მთავარი რამ: ერთი სასამართლო ხელისუფლება, რომლის პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშში და პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლება პროკურატურის, რომელიც არის სისხლის სამართლის დევნის ორგანო. რეალურად რომ შევხედოთ, ძალიან მწვავე შეფასებაა,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად”, – ნათქვამია განცხადებაში.