„გეგუთის ისტორიულ სასახლესთან დაკავშირებული სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება უსაფუძვლოა“

გეგუთის ისტორიული სასახლის გვიანი შუასაუკუნეების პერიოდის მარანში 2017 წელს მოწყობილ საკონსერვაციო კონსტრუქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მორიგ უსაფუძვლო ბრალდებად აფასებს.
„არქეოლოგიური ობიექტის საექსპოზიციოდ დამონტაჟებული მინის დამცავი კონსტრუქცია საკონსერვაციო მეთოდოლოგიითაა შესრულებული და ის კულტურულ შრეებს არ აზიანებს.
მინის დამცავი შრისა და საყრდენი ლითონკონსტრუქციის პროექტი 2016 წელს სააგენტოს სპეციალისტების მიერ მას შემდეგ მომზადდა, რაც არქიტექტურულ კომპლექსზე აღნიშნული მარანი წარმოებული გათხრების შედეგად გამოვლინდა. პროექტი შეთანხმდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შუასაუკუნეების სექციის საბჭოზე, რის საფუძველზე სამუშაოებზე გაიცა ნებართვა.
საკონსერვაციო კონსტრუქცია არქეოლოგიურ ობიექტის თვალსაჩინოდ ექსპონირებასთან ერთად მას ინტენსიური კლიმატური ზემოქმედებისაგან (ქარი, ნალექი) იცავს. მინის დამცავი შრე საფეხმავლო ბილიკის მოაჯირებით განცალკევებულია ვიზიტორების აქტიური მიმოსვლისგან და დატვირთვის ქვეშ არ იმყოფება.
გეგუთის სასახლის ამჟამიდნელი მარანი არქიტექტურული კომპლექსის თანადროულ ერთ-ერთი საცხოვრებელი ოთახის არეალს წარმოადგენს, რომელმაც, სავარაუდოდ, XVII –XVIII საუკუნებში საყოფაცხოვრებო დანიშნულება მიიღო“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები