გამოფენა – „პროლეტმწერლობა“ გაიხსნა
დღეს ლიტერატურის მუზეუმში, გამოფენა „პროლეტმწერლობა“ გაიხსნა.
გამოფენის გახსნასთან ერთად გაიმართა აკაკი ბაქრაძის „მწერლობის მოთვინიერების“ ახალი გამოცემის (1983 წლის პირველადი ტექსტის მიხედვით) წარდგენა, დავით პაიჭაძის, ლაშა ბუღაძის და ლაშა ბაქრაძის მონაწილეობით.
პროლეტმწერლობა კომუნისტური პარტიის „დამკვრელური“ ლიტერატურული ჯგუფი იყო, რომელიც ებრძოდა როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე „გადახრას“ და მწერლებს მოკავშირეებად და მტრებად ყოფდა. კომუნისტური პარტია მათ იყენებდა სხვა სამწერლობო გაერთიანებების გასანადგურებლად.
როდესაც მათ ეს პარტიის მხარდაჭერით 1930 წლისათვის ფაქტობრივად მოახერხეს ასეთი გაერთიანების აუცილებლობა აღარ იყო საჭირო და 1932 წლის 23 აპრილის დადგენილებით „სამწერლობო და სამხატვრო ორგანიზაციების გარდაქმნის“ შესახებ პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია გაუქმდა. მაგრამ მრავალი პროლეტმწერალი 1934 წელს, როდესაც შეიქმნა საკავშირო მწერალთა კავშირი, მწერალთა კავშირში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ. პარტიის გენერალური ხაზის ერთგულების მიუხედავად, დიდი ტერორის დროს (1937/1938) სხვა მწერლებთან ერთად მრავალი მათგანი ფიზიკურად გაანადგურეს.
პროლეტარული მწერლობის ისტორია საბჭოთა ლიტერატურის განუყოფელი და უაღრესად საინტერესო მონაკვეთია, მათი როლის გათვალისწინებით იმ პროცესში, რომელსაც აკაკი ბაქრაძემ „მწერლობის მოთვინიერება“ უწოდა.
გამოფენა 31 იანვრამდე გასტანს.
მის: ჭანტურიას №8, ლიტერატურის მუზეუმი.