„აჩუქე წიგნი სოფელს“ – წინასაახალწლო აქცია გაიმართება
ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი და საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ წინასაახალწლოდ იწყებს აქციას – „აჩუქე წიგნი სოფელს“.
„ვიწყებთ წიგნების შეგროვებას, ამ ეტაპზე კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – სოფელ ახალციხესა და სოფელ ქვემო ხანდაკში ბიბლიოთეკების გასახსნელად. გთხოვთ, ნებისმიერი სახის ლიტერატურა, წიგნები, ჟურნალები, რისი გამეტებაც შეგიძლიათ პირადი ბიბლიოთეკიდან, მოგვაწოდოთ, რათა საქართველოს რეგიონების დამატებით ორ სოფელში არსებობდეს ბიბლიოთეკა და შემეცნების საბაზისო რესურსი.
წიგნები შეგროვდება ორი შაბათის განმავლობაში – 21 დეკემბერსა და 28 დეკემბერს, 15 საათიდან 17 საათამდე, ორ ლოკაციაზე, კერძოდ, ქალაქ თბილისში, მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ, რუსთაველის ძეგლის კიბეებთან და მეტრო „ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ბუკიას ბაღის ტერიტორიაზე.
საქართველოს რეგიონებში საგანმანათლებლო და შემეცნებითი ბაზებისა და რესურსების მინიმალიზაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფლებში ბიბლიოთეკების არსებობას. თანამედროვე გაგებით ბიბლიოთეკა ეს არის არა მხოლოდ წიგნის კითხვის ადგილი და საშუალება, არამედ ეს არის შეკრების, დისკუსიის, კულტურული და შემეცნებითი აქტივობების საჯარო სივრცე, რომელიც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისათვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა დიდი ქალაქებისა და მუნიციპალური ცენტრების გარდა, სოფლების მასშტაბით თითქმის არ არსებობს სხვა არავითარი საჯარო სივრცე, რომელიც ახალგაზრდების შემეცნებას, არაფორმალურ განათლებას და კულტურულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს! დავეხმაროთ სოფლებს თუნდაც მცირედით და ერთად გავაკეთოთ დიდი საქმე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ, ტელეფონის ნომერზე: 593685679“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.