ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას არ ადასტურებს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მისი თქმით, მსგავსი ცენტრის გახსნა არ იგეგმება.
“ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან გაიხსნა რუსეთის კულტურის ცენტრი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ინფორმაცია არ დასტურდება და ამის გადამოწმება მარტივია შვეიცარიის საელჩოსთან დაკავშირებით. არც ერთ სახელმწიფო უწყებას ამგვარ ინიციატივასთან შეხება არ ჰქონია, ამის შესახებ ადრეც განვაცხადეთ. ერთ-ერთ კომერციულ სტრუქტურას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, ჰქონდა საკმაოდ დიდი ინტერესი და საბოლოოდ, მათ დაადასტურეს, რომ ასეთი სახით მათი საქმიანობის გაფართოებას არ აპირებენ. ზოგადად, ჩვენ ჰუმანიტარული კავშირების, ვაჭრობისა და ტურიზმის წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით, მხარს ვუჭერთ ამას, მაგრამ ნებისმიერი ასეთი საკითხი განხილული უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე. კიდევ ერთხელ დაზუსტებით შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთი ცენტრის გახსნა არ იგეგმება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაციას არც შვეიცარიის საელჩოში ადასტურებენ.
ცნობისთვის, საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს დედაქალაქში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა.