ადვოკატი: ჩოლოიანი, არასრულწლოვანს განყოფილებაში კამერების ქვეშ ეკონტაქტებოდა, შესაბამისად, ამოღებულია ჩანაწერები

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არათუ მარიანა ჩოლოიანის, არცერთი სხვა პოლიციელის მხრიდან, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანის მიმართ არ განხორციელებულა იძულება, მუქარა თუ სხვა კანონით გაუთვალისწინებელი ქმედება, – ამის შესახებ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ განაცხადა.

მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანი, არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ეკონტაქტებოდა, შესაბამისად, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები.

“ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერ არ ჩაგვბარებია, თუმცა მუხლი, რომლითაც მის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა არ ვეთანხმები. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ არათუ მარიანა ჩოლოიანის, არცერთი სხვა პოლიციელის მხრიდან, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანის მიმართ არ განხორციელებულა იძულება, მუქარა თუ სხვა კანონით გაუთვალისწინებელი ქმედება. უფრო მეტიც, არცერთი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის დროს რაიმე სახის შენიშვნა არც არასრულწლოვანის მხრიდან, არც მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან დაფიქსირებული არ არის და სწორედ კანონიერი წარმომადგენელი გამოთქვამდა სურვილს, რომ კვლავ ჰქონოდა საგამოძიებო ორგანოსთან კავშირი არასრულწლოვანს. იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა გამომძიებლისა და საგამოძიებო ორგანოდან იძულების ან ზეწოლის განხორციელების ფაქტი, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ აღნიშნულის შესახებ დაეფიქსირებინათ და შეეტანათ შესაბამისი შენიშვნები, რაც დაფიქსირებული არ არის არათუ იმ პირველ დღეს, როდესაც იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, არამედ მეორე დღესაც.

მეტსაც გეტყვით, მეორე დღეს საგამოძიებო ორგანოში არასრულწლოვანის გამოცხადების ინიციატორი გახლდათ მისი კანონიერი წარმომადგენელი. შესაბამისად, კითხვა მარტივია, თუ წინა დღეს მის მიმართ განხორციელდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, ბუნებრივია, შეუძლებელია ოჯახის წევრმა გამოთქვას სურვილი, რომ მეორე დღეს საკუთარი ფეხით მივიდეს საგამოძიებო ორგანოში.

მარიანა ჩოლოიანი, არასრულწლოვანს ეკონტაქტება პოლიციის განყოფილებაში კამერების მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბამისად ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები”,- განაცხადა გვაზავამ.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები