ჯონდი ბაღათურია: “მწვანე სკოლას” ლიცენზია დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს, დირექცია პასუხისგებაში უნდა მიეცეს
“მწვანე სკოლას” ლიცენზია დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს, დირექცია პასუხისგებაში უნდა მიეცეს, – ასე გამოეხმაურა “ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას.
მისივე თქმით, მოზარდის მიერ გაკეთებულ წარწერაში, მისი დიდი პრობლემა იკითხებოდა.
“მწვანე სკოლას ლიცენზია უნდა შეუჩერდეს დაუყოვნებლივ.
სკოლამ, რომელმაც მოზარდის წარწერა იპოვა, სადაც აშკარად იკითხებოდა რომ მოზარდს დიდი პრობლემა აქვს, პრობლემა აქვს ცხოვრებასთან, იმის ნაცვლად რომ მშობლებისთვის შეეტყობინებინა და ბავშვისთვის სითბო და თანაგრძნობა გამოეხატა, პოლიცია გამოიძახა.
ამ სკოლას დაუყოვნებლივ ლიცენზია უნდა შეუჩერდეს და დირექცია პასუხისგებაში უნდა მიეცეს, მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო.
ან რა დაწერა ასეთი ტელევიზიით, რომ არ ესმით ბავშვებს ყოველ დღე, დიდი და დაფასებული “ბიძიებისგან” და “დეიდებისგან”, სასტვენებით რომ დარბიან ქუჩებში და სახელმწიფო დაწესებულებებში და რომლებიც ძალიან მაღალ თანამდებობებზე არიან, კარგი მანქანებით დადიან და წესით მისაბაძი მაგალითები უნდა იყონ”, – წერს ჯონდი ბაღათურია.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.