UNICEF-ის წარმომადგენელი – პოლიციამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება სწორად უნდა გამოიყენოს
საქართველოში “გაეროს ბავშვთა ფონდის” (UNICEF) წარმომადგენელი ღასან ხალილი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლიციამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება სწორად უნდა გამოიყენოს.
“მომხდარის გამო ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ, ამ საქმეზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენი საქმე არაა, ვინმეს დავაკისროთ პასუხისმგებლობა, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა მუშაობდეს ყველა შესაბამისი მექანიზმი. მჯერა, რომ მალე ყველა გავიგებთ, კონკრეტულად სად მოხდა შეცდომა.
რაც შეეხება მექანიზმებს, მთავარია გაძლიერდეს სოციალური მუშაკის როლი, რათა ოჯახმა საჭირო მხარდაჭერა მიიღოს. როდესაც ბავშვი რთულ ასაკშია, აუცილებელია მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი ფსიქო-სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, რა თქმა უნდა, პოლიციამ სწორად უნდა გამოიყენოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება,” – განაცხადა ღასან ხალილმა.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი “მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. ადვოკატის განცხადებით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი გუშინ დააკავეს.