ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა გაიმართება
23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამომცემლობა „ინტელექტი“ და კონრად ადენაუერის ფონდი ნინო ხარატიშვილთან შეხვედრას უმასპინძლებენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ (მთარგმნელი: ნინო ბურდული) წარდგენა. ავტორთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია ისაუბრებს წიგნის ისტორიულ კონტექსტზე და თითქოსდა გამქრალ, დავიწყებულ საქართველოს წარსულზე, რომელიც ნინო ხარატიშვილმა ასე ოსტატურად გააცოცხლა ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელი ცხოვრების მაგალითზე, თითქმის ასწლიანი ქრონიკით.
შეხვედრა ეძღვნება საქართველო-გერმანიის 200-წლიან ურთიერთობას, რომლის განმტკიცებისა და ევროპისთვის საქართველოს უახლესი ისტორიის გაცნობის საქმეში თავისი რომანებითა და დრამატურგიით უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ნინო ხარატიშვილმა, რომელიც, აღიარებულ ლიტერატორთა შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავი ხმაა დღევანდელ გერმანულ და ასევე საერთაშორისო ლიტერატურაში.