ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ახალგორის მუნიციპალიტეტში,  ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად: მცირე ტაძარი აღდგა ანანურის, შირიმის და ფიქალის ქვით;
აღდგა კონქი და კამარა შაბლონების მიხედვით; გადაეწყო კედლების დაზიანებული ნაწილები და მოშორდა ამორტიზებული კირდუღაბი; დაიგო ქვის იატაკი; დამზადდა და დამონტაჟდა კარ-ფანჯარა; ტაძარი გადაიხურა ფიქალით.
ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის მცირე ტაძრის 2019 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპი ა(ა)იპ „ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის“  მიერ არქიტექტორ-რესტავრატორი ნინო ყანჩელის ხელმძღვანელობით განხორციელდა, ხოლო მშენებელ-ინჟინერი-ბადრი გასპაროვი იყო.
გალავნიანი სამონასტრო კომპლექსი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ შემაღლებაზე ზღვის დონიდან 1964 მეტრის სიმაღლეზე ოკუპირებულ ზონასთან ახლოს მდებარეობს. გალავნის შიგნით მოქცეულია ორი ერთმანეთზე მიდგმული ეკლესია და გალავნის პერიმეტრში ჩართული რამდენიმე სამონასტრო ნაგებობის ნანგრევი, რომელთა ნაწილი 2008-18 წლების ინტერვალში უკვე აღდგენილია. განვლილ წლებში რესტავრირდა კომპლექსის ისტორიული სამრეკლო, სატრაპეზო დამხმარე ნაგებობებთან ერთად, ასევე კარიბჭე და კელიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები