რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის მეათე – საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ეროვნულ ბიბლიოთეკაში რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის მეათე – საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

კახა მჭედლიშვილი, ვასილ ბესელია, ლევან ლორია

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: კახა მჭედლიშვილი – „ორმოცი დღის საიდუმლო“ (I პრემია), ვასილ ბესელია – „ქურდი“ (II პრემია), ლევან ლორია – „მე, ფეხბურთი, მამაჩემი და გამრავლება“ (III პრემია).
სამი გამარჯვებულის გარდა, წლევანდელ კონკურსს 5 პრიზიორი ჰყავს: თამარ არჩვაძე, ბექა ქურხული, მარი თაბაგარი, მზია თვალაბეიშვილი, არდაშელ თაქთირიძე.
2019 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი (თავმჯდომარე), მწერალი თამაზ ხმალაძე, ლიტერატურათმცოდნე ნინო ჩხიკვიშვილი, პოეტი ჯუბა ღებელი.

ფატი კახნიაშვილი პრიზს გადასცემს არდაშელ თაქთირიძეს

როგორც რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის დამფუძნებელმა, ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ რედაქტორმა თამარ შაიშმელაშვილმა აღნიშნა, წლევანდელი კონკურის დაფინანსება, ბოლო ექვსი წლის მსგავსად, თბილისის მერიის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის სამსახურმა უზრუნველყო.
„კონკურსის ისტორიის ათი წლის განმავლობაში, გარდა სამი საპრიზო ადგილისა, საუკეთესო მოთხრობები სპეციალური პრიზებით – ნახატებით და ხელოვნების სხვა ნიმუშებით დაჯილდოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში ყოველწლიურად სოლიდარობის განცდით მხატვრები და კერძო შემომწირველები ერთვებიან, ისინი თავად აწესებენ ნომინაციებს, პრიზებს და წახალისების ფორმებს, რაც ტრადიციად დამკვიდრდა და მეტყველებს კონკურსის პოპულარობასა და რეზონანსულობაზე. მადლობა მხატვრებს და ხელოვანებს, თანამდგომ ადამიანებს:

ლინა ბარათაშვილი და თამარ არჩვაძე

წლევანდელი პრიზების ავტორები არიან: რეზო (ემელიანე) ადამია, მაია დიაკონიძე, თამარ იორამაშვილი, ფატი კახნიაშვილი, შოთა რეხვიაშვილი, ლინა ბარათაშვილი, 124-ე საჯარო სკოლის პედაგოგები: იზო სამუშია და ცისმარ ყურაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირი, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელი ბესიკ ღვინაშვილი.
დაჯილდოების ცერემონიალზე შუბერტისა და ჰაიდნის ნაწარმოებები შეასრულა ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მე-7 კლასის მოსწავლემ ბარბარა ყალაბეგაშვილმა, მსმენელის წინაშე საინტერესოდ წარდგნენ: მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ეს საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნიკა ჭკადუა და ლიზი ლაზარიაშვილი.
იმ დღესვე გაიმართა რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთი მოთხრობის“ კრებულის წარდგენა. კრებულში გაერთიანდა 10 წლის განმავლობაში გამარჯვებული 33 მოთხრობა. კრებული შემოწირულობით გამოვიდა.
კრებული „ერთი მოთხრობა“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა  და შემომწირველებს მადლიერების დიპლომები გადასცა ჟურნალ „ანეულის“ თანადამფუძნებელმა, ცნობილმა ჟურნალისტმა და თსუ-ს პროფესორმა,  ივანე ჯაფარიძემ.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ სტუმრები ისრაელიდან: „გულთა კავშირის“ პირველი პრეზიდენტი, არქიტექტორი და ქველმოქმედი პაატა იოსებაშვილი, მწერალი და ქველმოქმედი ქალბატონი იზოლდა მოშიაშვილი, რომელთაც სხვა შემომწირველებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანეს საიუბილეო კრებულის გამოცემაში.

პაატა იოსებაშვილი, იზოლდა მოშიაშვილი, მაია დიაკონიძე, გულიკო ზუმბაძე

ისრაელელი სტუმრები საკრებულოს მე-5 მოწვევის დეპუტატმა და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენელმა გულიკო ზუმბაძემ წარადგინა და დიპლომები გადასცა.
ნომინაციაში – „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მწერალი“ – დიპლომით დაჯილდოვდა რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის მონაწილე ისრაელში მცხოვრები მწერალი ნუგზარ ჯანაშვილი.

დაჯილდოებას რევაზ ინანიშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ არსებობს და მიზნად ისახავს როგორც ახალგაზრდა და ძველი თაობის ნიჭიერი ავტორების წარმოჩენას, ისე რევაზ ინანიშვილის სახელის პოპულარიზაციას და ლიტერატურულ პროცესებში წვლილის შეტანას.
კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ – საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

ფოტო: ნიკო ბაღაშვილი, ვეფხია სამსონიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები