თეა წულუკიანი: არ ვფიქრობ, რომ ბოკერიას მიმართ დევნა ხორციელდება, ვიდრე საქმე ხანდაზმული არ არის, კითხვების დასმა ნებისმიერ დროს შესაძლებელია

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში, გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვიდრე კონკრეტულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი პროცესის წარმოება ხანდაზმული არ არის, კითხვების დასმა ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

“არ მგონია, რომ რაიმე დევნაა. მე არც გამომძიებელი გახლავართ, არც პროკურორი და ეს ძალიან კარგია. არ ვიცი, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მე ვიცი ზოგადი პრინციპი, რომ როდესაც კანონს და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ პირისადმი შეკითხვა, სანამ საქმე ხანდაზმული არ არის, ეს კითხვა შეიძლება, დაისვას ნებისმიერ დროს. ამ საქმეზე პასუხი უნდა გასცეს საგამოძიებო ორგანომ. მე გეუბნებით ზოგად პრინციპს, რომ ვიდრე ხანდაზმული არ არის მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლებრივი პროცესის წარმოება, ნებისმიერ დროს შეიძლება, დაისვას შეკითხვა“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხება, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები