ენძელა მაჭავარიანი: ექიმები საზღვრებს გარეშე არიან, ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალი უნდა იყოს
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
მაჭავარიანის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი უნდა გათავისუფლდეს და ხალხის ერთად დგომა, მნიშვნელოვანია.
“ვფიქრობ, ყველა ადამიანის სათქმელია, რომ ექიმები საზღვრებს გარეშე არიან და ვაჟა ექიმი თავისუფალი უნდა იყოს. ვიცით, რომ რუსეთი ოკუპანტია და ისიც ვიცით, რომ რუსეთს შიშველი ხელებით ვერ დაამარცხებ. ერთად დგომა არის ჩვენი ერთად ყოფნის გამოხატულება, რომ ჩვენ ძლიერები ვართ. გავაგონებთ მსოფლიო თანამეგობრობას, რომ დაგვეხმაროს ვაჟა ექიმის გათავისუფლებაში. მარტო ჩვენ ვერ დავამარცხებთ. მე ვესაუბრე ოჯახს. როგორც არ უნდა გვემუშავა ჩვენ, მიმაჩნია, რომ თუ რამე დავაკელით და სათანადოდ ვერ ჩავაყენეთ საქმის კურსში, ბოდიშს ვუხდი მას ამისთვის. არ მინდა, ოჯახმა თავი იგრძნოს მარტო, რადგან ჩვენთვის ვაჟა ექიმი, როგორც ერთი მოქალაქე, ძალიან ძვირფასია. ძალიან გვინდა, ჩვენი ხმა მსოფლიომ გაიგონოს“ ,- განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.
საოკუპაციო ხაზთან დღეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ.
ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.
ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.