დიმიტრი ხუნდაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში ყველა უწყება ჩართულია, ჩვენი ერთობა უნდა იყოს გამორჩეული

ყველა უწყება ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში, ჩვენი ერთობა უნდა იყოს გამორჩეული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოფელ ოძისთან განაცხადა, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

“ვითარება რთულია საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს. დაკავებულია ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ექიმი და ჩვენი მეგობარი. ის ჩემი მეგობარია და ჩვენ ერთად გვიმუშავია საოპერაციოში. ექიმებს არ ატყვევებენ, პირიქით, პირობას უქმნიან, რომ იმუშაონ. ექიმებისთვის არ არსებობს საზღვრები. ისინი იცავენ ნებისმიერ ადამიანს და იცავენ ავადმყოფების უფლებებს. ეს ყოველგვარ წესებს სცილდება. ყველა უწყება დაწყებული ადგილობრივით დამთავრებული საერთაშორისოთი, არის ჩართული. იცით, რომ არის რთული, საქმე გვაქვს ძალასთან, რომელიც ძალიან ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს არის დღევანდელი დასტური მათი დამოკიდებულება როგორ ეპყრობიან ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ადამიანების ჯანმრთელობაზე. ჩვენი ერთობა აქ უნდა იყოს გამორჩეული, უნდა იყოს აბსოლუტურად ზეპარტიული, არა ეთნიკური დაყოფით, არა მრწამსით. ყველაზე მეტად ერთობა აქ უნდა შევქმნათ ჩვენ, ქართველებმა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები