რატი იონათამიშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე დღეს ნებისმიერი სახის პოლიტიკური განცხადების გაკეთება უხერხულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.

როგორც იონათამიშვილმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, დღეს ნებისმიერი სახის პოლიტიკური განცხადების გაკეთება მიუღებელია.

“მე დღეს აქ მოსული ვარ მხოლოდ იმისთვის, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს გამოვუცხადო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს აქ ნებისმიერი სახის პოლიტიკური განცხადების გაკეთება არის ძალიან უხერხული და მიუღებელი. ვხედავ, რომ ზოგიერთ ჩვენს ოპონენტს ამის მცდელობა აქვს და ვფიქრობ, როდესაც პოლიტიკურ კლიშეებში გინდა, მოაქციო ყველაფერი, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და დაბალი ეროვნული კულტურის მაჩვენებელი“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ, სადაც მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეებს შორის ოჯახის წევრების გარდა, ექიმის კოლეგები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. საოკუპაციო ხაზთან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მცირე მიმართვის გაკეთებას გეგმავს.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები