„თბილისის ბაროკო ფესტივალი – 2019“ დასრულდა

„თბილისის ბაროკო ფესტივალი – 2019“  დასრულდა და 13 დეკემბერს ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. მუსიკოსებმა ამ კონცერტს  „ვენეციური ბაროკო“  უწოდეს და შესაბამისად  ვენეციელი კომპოზიტორების, კერძოდ, ანტონიო ვივალდისა და ჯოვანი ბენედეტო პლატის ნაწარმოებები  შეასრულეს.
5 წლის წინ, ფაგოტისტმა სერჯო აცოლინიმ პრაღის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა ჯოვანი ბენედეტო პლატის მუსიკა. როგორც თავად მუსიკოსმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ეს ხელნაწერი მის თაროზე ინახებოდა და მხოლოდ ახლა გადაწყვიტა თბილისში გაეცოცხლებინა და ქართველ მსმენელებისთვის გაეზიარებინა საუკუნეების წინ მივიწყებული მუსიკა. ასე რომ, ქართველი მსმენელი 13 დეკემბერს ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდა და ფესტივალი მსოფლიო მუსიკალური პრემიერით დაიხურა.
კონცერტში  „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ: პაბლო საპიკო (თეორბო და ბაროკოს გიტარა, ესპანეთი), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი), აი იკედა (ფაგოტი, იაპონია) და მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავი სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია).
თბილისის ბაროკო ფესტივალის მასპინძელი და ორგანიზატორი თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ გახლავთ.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი) 2008 წელს დაარსდა,  2012 წელს ბაროკოს ინსტრუმენტები შეიძინა და ასე გახდა ამიერკავკასიის რეგიონში პირველი ბაროკოს ორკესტრი.  2015 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ორკესტრმა დააარსა ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ყოველთვის სტუმრობენ მსოფლიოში აღიარებული ძველებური მუსიკის შემსრულებლები, როგორებიც არიან: ჟორდი სავალი, სერჯო აცოლინი, ქრისტინე ბუში, დავიდე ამადიო, ქრისტოფ მაიერი, ბალაჟ მატე, ჟან რონდო და სხვა.  „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ უნიკალურია, ვინაიდან იგი ერთადერთია მთელს ამიერკავკასიაში სადაც ბაროკოს ეპოქის მუსიკა ავთენტური მანერით სრულდება ბაროკოს ინსტრუმენტებზე.
წელს ფესტივალს 5 წელი შეუსრულდა და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსებმა და ორგანიზატორებმა საკმაოდ დატვირთული პროგრამა შესთავაზეს ერთგულ მსმენელებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა არაერთი კონცერტი და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული, თუ მარიონეტული წარმოდგენა. ასევე ჩატარდა საინტერესო შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ერთი წლით ემშვიდობება თავის ერთგულ მსმენელს და მომავალ წელს კვლავ საინტერესო და მრავალფეროვან ფესტივალს ჰპირდება.

თეა მუქერია, 
„საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსი

ფოტო: რაჟდენ ჯაიანი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები