გიორგი გახარია: უკრაინაში ვიზიტის მთავარი შედეგი საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა
ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს უკრაინაში ვიზიტის შესახებ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინასთან პარტნიორობის მთავარი მიმართულებები ეკონომიკა, უსაფრთხოება, და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის მთავარი შედეგიც მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნაა.
“ბოლო 6 წლის განმავლობაში უკრაინაში ვიზიტები იყო, მაგრამ ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ჩვენ განვსაზღვრეთ ფორმატი, ეს გახლავთ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შექმნა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე არის კონკრეტულად სტრუქტურირებული ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველო და უკრაინა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ, განავითარებენ და ერთად მიაღწევენ მიზანს.
მთავარი გახლავთ ის რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატს აქვს რამდენიმე განზომილება. ეს არის ეკონომიკა, ეს გახლავთ უსაფრთხოება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რა თქმა უნდა ეს გახლავთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ასევე ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ერთად უფრო ეფექტურად შეგვიძლია გამოწვევებს ვებრძოლოთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს უსაფრთხოების ნაწილში და ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორული მთლიანობა. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღვუთქვით, რომ საქართველო თავის მხრიდან უპირობოდ, ყოველთვის, ყველა ფორმატში, ყველა დონეზე მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, შედგა შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამეტის თავმჯდომარესთან, სადაც აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უახლოესი წლების განმავლობაში უნდა იყოს ბევრად ეფექტური და ინტენსიური.
„გარდა ამისა, იყო შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამეტის თავმჯდომარესთან. ძირითადი ამ შეხვედრებში იყო შემდეგი, რომ ჩვენი თანამშრომლობა უახლოესი წლების განმავლობაში უნდა იყოს ბევრად ეფექტური, ბევრად უფრო ინტენსიური და ამაში დაინტერესებულია ორივე მხარე. ორივე მხარე დღეს ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა – სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოს შორის. ჩვენ ერთად შეგვიძლია უფრო სწრაფად განვვითარდეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით და უფრო ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ეს მხარდაჭერა გახლავთ ის, რაზეც დაეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა. ასევე რა თქმა უნდა, ეკონომიკა, სატრანსპორტო კორიდორები, ვაჭრობა. უკრაინის პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც იგეგმება უკრაინაში და მან გვთხოვა მხარდაჭერა რამდენიმე მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრივ აღვუთქვით, რომ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროებში რეფორმების გატარების მიმართულებით, იქნება გაზიარებული უკრაინისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ზუსტად ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერებათ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.