გიორგი მიქაუტაძე: სასამართლო სისტემაში კლანი არ არსებობს
უზენაესი სასამართლოს ახალარჩეული უვადო მოსამართლის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, სასამართლო სისტემაში კლანი არ არსებობს.
მისივე განცხადებით, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განვითარებაზე.
“პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველას მხარდაჭერისთვის, საქართველოს პარლამენტს და იმ ადამიანებს, რომლებიც გვამხნევებდნენ და გვერდში გვედგნენ ამ პროცესში. მინდა მივულოცო ჩემს ახალგამწესებულ კოლეგებს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც დღემდე ვაკეთებდი. მადლობა ასევე მათ, ვინც გვაკრიტიკებდა, ჩემთვის ერთგვარი სტიმულია და გვაიძულებს, რომ მხნედ ვიყოთ და კარგად ვაკეთოთ საქმე, თუმცა ზღვარგადასული ყველაფერი მიუღებელია.
არ არსებობს არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში, სასამართლო სისტემაზე ზრუნავს გუნდი, რომელიც ზრუნავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და განვითარებაზე. გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ყველას აქვს უფლება გამოთქვას მოსაზრება, თუმცა ეს მოსაზრებები მოკლებულია ფაქტებს და არგუმენტებს და კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- აღნიშნა მიქაუტაძემ.