ძველი და ახალი ხელისუფლების ეკონომიკური შეცდომები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უახლოეს დღეებში ახალი ხელისუფლების ეკონომიკური შეცდომების 20 პუნქტიან სიას გამოაქვეყნებენ  – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ  განაცხადა.  მანამ სანამ „ნაციონალები“  აღნიშნულ პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრებენ,  ექსპერტები წინა ხელისუფლების შეცდომებს იხსენებენ.
გასული წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურ პრობლემებზე და დღეს არსებულ მდგომარეობაზე „კვირა“ ეკონომიკის ექსპერტს, გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შორის განსაკუთრებით მტკივნეული ბიზნესის მონოპოლია, ბიზნესმენების დაშინება-ზეწოლა და სახელმწიფო ხარჯების მაღალი მაჩვენებელი იყო.
„ბიზნესში არსებობდა სხვადასხვა სფერო, სადაც მუდმივად იყო კითხვები მონოპოლიებთან დაკავშირებით. ეს შეეხებოდა მედიკამენტების ბაზარს, ნავთობის იმპორტიორებს … სერიოზული კითხვები არსებობდა და იყო პრობლემა ბიზნესმენებზე ზეწოლის კუთხით. ზეწოლა შეგვიძლია სხვადასხვა ფორმით განვიხილოთ, შეიძლება ადამიანს პირდაპირ ფული არ გამოართვა და ჯიბეში არ ჩაიდო, მაგრამ სხვა საქმეა, როცა აიძულებ, რომ ამა თუ იმ საქმეში ჩადოს ესა თუ ის თანხა. ამაში ხელისუფლება საერთოდ არ უნდა ერეოდეს. სერიოზული პრობლემა იყო სახელმწიფო ხარჯების მაღალი მაჩვენებელი. სახელმწიფო ხარჯებში გასულ წლებში უფრო მეტი ეკონომია უნდა გვქონოდა და უფრო სხვა მიმართულებით უნდა წაგვემართა ბიუჯეტის თანხები“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობდა დასაქმების დროს ასაკობრივი ჭრილის გამო. მისი განცხადებით, 40 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები წლების მანძილზე დაჩაგრულად და დისკრიმინირებულად გრძნობდნენ თავს. ექსპერტი უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პრობლემასაც შეეხო. აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს წლების განმავლობაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. „საქართველოს წლების განმავლობაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა. ვფიქრობ, უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო, რათა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ყოფილიყო იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით, რომ დადებითი სავაჭრო ბალანსი გაზრდილიყო. ამ მხრივ მეტი უნდა გაკეთებულიყო იგივე სოფლის მეურნეობაში“,- აღნიშნა აბაშიშვილმა. ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, დღეს რამდენიმე სფეროში დადებითი ტენდენცია და ცვლილება შეინიშნება. მისივე თქმით, დღეს ბიზნესი უფრო მეტად თავისუფალია, არის წინსვლა ექსპორტის კუთხითაც, თუმცა მისივე თქმით, ჯერ მცირე დროა გასული, რომ რადიკალურ ცვლილებებზე შეიძლებოდეს საუბარი. „ექსპორტის გარდა დადებითი ტენდენციები და ცვლილებები იკვეთება ბიზნესის თავისუფლების კუთხით, მეტი ყურადღება ექცევა ადგილობრივ წარმოებას და მცირდება სახელმწიფო ხარჯები“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

  ცირა შერგელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები