თბილისისა და ზაარბრიუკენის დამეგობრების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გერმანელ ავტორებთან და დრამატურგებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისისა და ზაარბრიუკენის დამეგობრების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით, მწერალთა სახლში გაიმართა შეხვედრა ცნობილ გერმანელ ავტორებთან და დრამატურგებთან − რალფ შოკთან და უტა ვერნერთან.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, შეხვედრას მოდერაციას უწევდა საქართველოს რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში − ალექსანდრე კარტოზია.
რალფ შოკი − მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ფილოსოფიის დოქტორი. მისი ნაშრომები მოიცავს ლიტერატურულ, ავტობიოგრაფიულ და აკადემიურ კვლევებს, მათ შორის: „ექსპრესიონიზმი − ეპოქა და ზაარის რეგიონი“, „კოლხეთისკენ − საქართველოს ხიბლი“ (2021), „შიდა გამოძიება“ (2024) და „არასოდეს ჰიტლერთან!“ (2025).
ავტორმა შეხვედრაზე ისაუბრა მისი ინდივიდუალური ხედვის შესახებ საქართველოს კულტურულ იდენტობაზე, მკითხველთან დიალოგის მნიშვნელობაზე და იმ გამოცდილებაზე, რომელიც მის შემოქმედებაში ქართულ თემატიკას უკავშირდება.
მწერალმა ვანო ჩხიკვაძემ ღონისძიებაზე წაიკითხა რალფ შოკის ლექსების მის მიერ შესრულებული ქართულენოვანი თარგმანები.
გერმანელი სტუმარი კარგად იცნობს თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებასაც − მათ შორის აკა მორჩილაძის, ლაშა თაბუკაშვილის, და თავადაც არის მერაბ მამარდაშვილის ერთ-ერთი წიგნის ევროპელი გამომცემელი, რაც ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებას საერთაშორისო სივრცეში კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.ღონისძიებაზე ასევე გაიმართა კინოდრამატურგ უტა ვერნერის მიერ საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმის „საქართველო − ადამიანები, ლანდშაფტები, კულტურები კავკასიონთან“ ჩვენება.
უტა ვერნერი − მუსიკათმცოდნე და გამოცდილი კინოდრამატურგი. 1984-1988 წლებში უტა ვერნერი ჰალბერსტადტის თეატრში მუშაობდა მუსიკალურ დრამატურგად, ხოლო 1989-2024 წლებში − ზაარლანდის მაუწყებელში (ARD) − თავდაპირველად კულტურული მიმართულების რადიოში, შემდეგ კი ჟურნალისტიკის განხრით. 1992 წლიდან მუშაობს „მოგზაურობისა და თავისუფალი დროის“ რედაქციაში რედაქტორად, ავტორად და რეჟისორად. მისი ფილმოგრაფია მოიცავს 45-წუთიან დოკუმენტურ ფილმებს, 30-წუთიან მოგზაურობით გადაცემებსა და კულინარიულ პროექტებს.
„გერმანული ლიტერატურის დღეები“ მწერალთა სახლში დასრულდა.
ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა, თანამედროვე გერმანულ ლიტერატურასა და კინოდრამატურგიაში მიმდინარე პროცესებს ახლო რაკურსიდან გასცნობოდა, მოესმინა ავტორების პროფესიული გამოცდილება და დაესვა კითხვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები