ზაზა ურუშაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

რეჟისორ ზაზა ურუშაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. საქართველოს კინოაკადემიამ რეჟისორზე ინფორმაცია გაავრცელა.
„12 დეკემბერს, ქართველი საზოგადოება უკანასკნელ გზაზე გააცილებს, უნიჭიერეს კინორეჟისორს და სცენარისტს – ზაზა ურუშაძეს, რომელიც 7დეკემბერს, 53 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მას 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ. ზაზას წასვლა, კიდევ ერთი, ძალიან დიდი და უმძიმესი დანაკარგია ქართული კინოსთვის და ზოგადად – კულტურისთვის…
ზაზა ურუშაძე 1966 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმი“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. 2013 წლის 9 მაისიდან იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. ეს თანამდებობა მან, 2019 წლის სექტემბერში, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული, ესტონურ-ქართული კოპროდუქცია – „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.
ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა:
„მათთვის, ვინც მამამ მიატოვა“ (1989);
„აქ თენდება“ (1998);
სერიალი – „ცხელი ძაღლი“ (2003-2009);
„სამი სახლი“ (2008);
„დარჩი ჩემთან“ (2011);
„ბოლო გასეირნება“ (2012);
„მანდარინები“ (2013);
„აღსარება“ (2017);
„ანტონი“ (2019).

საქართველოს კინოაკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზაზა ურუშაძის გარდაცვალების გამო… უსამძიმრებს ოჯახს, კოლეგებს, მის მეგობრებს და ახლობლებს.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს მთავარი – დავრჩეთ ადამიანებად!“ – ზაზა ურუშაძე.
ეს ფრაზა არის ზაზა ურუშაძის გამორჩეული ნიჭიერებით აღსავსე, შესანიშნავი შემოქმედების ძირითადი არსი და შინაარსი… და ამავე დროს – პასუხი ყველა კითხვაზე – მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები