11 დეკემბერს, ზუსტად 100 წლის წინ, თბილისის ოპერის თეატრში ოპერა „ქეთო და კოტეს“ პრემიერა გაიმართა

11 დეკემბერს, ოპერა „ქეთო და კოტე“ 100 წლის გახდა. ამის შესახებ თბილისის მუზეუმების გაერთიანება ინფორმაციას ავრცელებს.
„1919 წლის 11 დეკემბერი. „სულ მალე ძველი თბილისი დავიწყებას მიეცემა. განა დასანანი არ იქნება, რომ ის მუსიკალურ ნაწარმოებში არ აისახოს?!“… – წერდა კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე, რომელმაც ძველი თბილისური ყოფისა და ხასიათების გადმოსაცემად, ავქსენტი ცაგარელის ცნობილ კომედიას „ხანუმას“ მიმართა და კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“ დაწერა.
1918 წელს ვიქტორ დოლიძემ რეჟისორ ალექსადრე წუწუნავას აცნობა, რომ ახალი დასრულებული ჰქონდა ოპერა, რომლის თეატრში დადგმაზეც ოცნებობდა.
სწორედ ალექსანდრე წუწუნავას ეკუთვნის „ქეთო და კოტეს“ პირველი დადგმა. 1919 წლის 11 დეკემბერს, ზუსტად 100 წლის წინ, თბილისის ოპერის თეატრში ოპერა „ქეთო და კოტეს“ პრემიერა გაიმართა.
პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა, გარდა იმისა, რომ მეორე დღეს, თბილისში, სახლებსა და მოედნებზე, ბაზარსა თუ სამიკიტნოებში, ყველა ოპერის მელოდიებს ღიღინებდა, უსტვენდა თუ მღეროდა, მომდევნო ათი სპექტაკლის ყველა ბილეთი ერთბაშად გაიყიდა“, – აღნიშნულია მუზეუმების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები