რუდოლფ ლუტცის საორგანო მუსიკის საღამო გაიმართება

15 დეკემბერს, 19:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რუდოლფ ლუტცის საორგანო მუსიკის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს,  საღამო XXII საერთაშორისო ფესტივალის  „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“  ფარგლებში ჩატარდება.
რუდოლფ ლუტცი მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, ორგანისტი, კლავისინიტსი, კომპოზიტორი, დირიჟორი და იმპროვიზატორია. სხვადასხვა წელს ის იყო ქ. წმ. გალენის Sankt Laurenzen ეკლესიის ორგანისტი (1973-2013) და გუნდის დირიჟორი (1986-2008).
რ. ლუტცი კითხულობდა ლექციების იმპროვიზაციის ხელოვნების თემაზე Schola Cantorum ბაზილიენსში; აგრეთვე, ასწავლიდა „ციფრულ ბანს“ ბაზელის სამუსიკო სკოლაში და ორატორიის საფუძვლებს ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში. ამჟამად, შემოქმედებითი ცხოვრება სრულად მიუძღვნა საკონცერტო მოღვაწეობას; პარალელურად ატარებს მასტერ კლასებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.
ისტორიული საშემსრულებლო პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნისა და საშემსრულებლო დიდი გამოცდილების მქონე რუდოლფ ლუტცს, უმნიშვნელოვანესი ღვაწლი მიუძღვის სხვადასხვა ინსტრუმენტული და საგუნდო ანსამბლის წარმოსახვისა და მხატვრული ხედვის ჩამოყალიბებაში. მუსიკალური გამოხატულება და მუსიკით გამოწვეული უწყვეტი აღმაფრენა მისი უპირობო მამოძრავებელი ძალაა.
რუდოლფ ლუტცი, აგრეთვე, შესანიშნავი კომპოზიტორია. მისმა სინფონიამ ბახის კანტატის BWV 158 მიხედვით და საშობაო ორატორიამ „ინგლისური შობა“ მსმენელთა შორის დიდი აღიარება მოიპოვა. 2017 წელს ვარტბურგის ციხე-სიმაგრეში შედგა აღნიშნული ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა, რომელიც ლუტცმა ლუთერის პატივსაცემად „Deutschlandfunk Kultur“ – ის დაკვეთით შექმნა. 2018 წელს, მისი მეორე კანტატაც („Landsgemeindekantate&quot“) გაჟღერდა; ეს უკანასკნელი შვეიცარული ტრადიციული ჰიმნის მოტივზეა აგებული. ორივე კანტატის ლიბრეტისტი გახლავთ
კარლ გრაფი. ექსტრაორდინალური ქარიზმისა და ფართე მასშტაბის გამოცდილების დამსახურებით, ი.ს. ბახის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, რუდოლფ ლუტცი ბახის სრული ვოკალური შემოქმედების ,,იდეალურ“ დირიჟორად დასახელდა.
ლუტცმა 2006 წელს მიიღო ჯილდო „Canton of St.Gallen“ კულტურის დარგში; 2015 წელს კი მას უდიდესი მიღწევებისათვის „Stiftung fur Abendlandische Ethik und Kultur“- ის პრიზი გადასცეს; ხოლო, 2019 წელს იგი შვეიცარიის მუსიკალური პრიზით დააჯილდოვეს. 2016 წელს ლუტცი ლაიფციგის Neue Bachgesellschaft e.V. საბჭოს წევრად აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები