კორნელი კეკელიძის სახელობის 128-ე სემინარი გაიმართება
13 დეკემბერს, 15:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კეკელიძის სახელობის სამეცნიერო სემინარი ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მოხსენებას წაიკითხავს კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ოთხმეზური, თემაზე – „კნინოდენითა გემოჲსხილვითა გიჩუენოთ გემოჲ მდინარისა დიდისა“: ანტიოქიის რეგიონის ქართული მწიგნობრული პროცესების რეკონსტრუქციისათვის.
სემინარი ეძღვნება ცნობილი ქართველი მეცნიერის, ელენე მეტრეველის ხსოვნას.
მოხსენებაში განხილულია ანტიოქიური წარმომავლობის ხელნაწერები. წარმოჩენილია მათი სპეციფიკა, ის თავისებურებები, რომლებითაც გიორგისეული და ეფრემისეული ეპოქების ხელნაწერები სხვაობენ ერთმანეთისაგან როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმით – კოდიკოლოგიურ-პალეოგრაფიული თვალსაზრისით. გამოკვეთილია ის გარდატეხა, რომელიც მოხდა ქართულ ხელნაწერში ამ ეპოქათა მიჯნაზე და ნაჩვენებია, თუ რა სიახლე შეიტანა ელინოფილიზმმა ქართული ხელნაწერის განვითარებასა და ახალი ტიპის ქართველი მკითხველის ჩამოყალიბებაში.