„ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ პარიზში ხელმოწერილი კომუნიკე – რაზე შეთანხმდნენ ლიდერები

პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატის ფარგლებში გამართული შეხვედრის შედეგია – გაგრძელდეს დაწყებული დიალოგი.

აღინიშნა, რომ მინსკის შეთანხმებები ფორმატის საფუძველს წარმოადგენს და მისი სრული იმპლემენტაცია უნდა მოხდეს.

პარიზის სამიტზე ლიდერებმა კომუნიკეს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით: მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა შეასრულონ; 2020 წლის მარტის ბოლომდე დამატებით სამი დასახლებული პუნქტიდან უნდა გაიყვანონ საჯარისო დანაყოფები, ასევე 30 დღის განმავლობაში დამატებითი გადასასვლელი პუნქტები გახსნან; უნდა მოხდეს ტყვეების გაცვლა პრინციპით „ყველა ყველაზე“; მხარეები ასევე მხარს უჭერენ დონბასის გარკვეული რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას, როგორც ეს 2015 წლს მინსკის შეთანხმებაშია გაწერილი;

ოთხი ქვეყნის ლიდერის მომდევნო შეხვედრა 4 თვეში, ბერლინში გაიმართება.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი დონბასში ადგილობრივი არჩევნების ორგანიზების საკითხი იქნება.

რუსეთის პრეზიდენტმა „ნორმანდიული სამიტის“ მუშაობა „ძალიან სასარგებლოდ“ შეაფასა, და პირობა დადო, რომ მოსკოვი დონბასში კონფლიქტის დარეგულირებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ყველა საკითხის კომპლექსური მოგვარება მთავარი კომპონენტის – უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია.

ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყნის ფედერალიზაციას არასდროს არ დათანმხდება, „უკრაინა უნიტარული სახელმწიფოა, ეს უკრაინის კონსტიტუციის უცვლელი მუხლია და ქვეყნის ფუნქციონირების ურყევი პრინციპი“. უკრაინის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარება მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად არის შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები