ივან კლურკო: თუ ჩვენ ვსაუბრობთ პატიმრებზე პოლიტიკურ პროცესში, ეს საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცუდი გზავნილია
ევრონესტის საპარლამენტო ანსამბლეის მერვე სესია დღეს დასრულდა. მედიისთვის უკვე გაიმართა შემაჯამებელი პრესკონფერენცია, სადაც ევროპარლამენტის დეპუტატმა, ივან კლურკომ იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია დიალოგს გააგრძელებენ.
მისივე თქმით, საარჩევნო კანონი სიტუაციაზე მორგებული და პოლიტიკური პარტიებისთვის მისაღები უნდა იყოს.
“მე პოლიტიკოსი ვარ და ამ დღეების განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მე, მომავალი არჩევნების სუნი მცემს და ჩვენ ვსაუბრობთ, პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც საქართველოში დაიწყო. არჩევნების გამოა ქუჩაში ხალხი გამოსული, მე ეს ყველაფერი უკრაინაშიც მინახავს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ, პატიმრებზე პოლიტიკურ პროცესში, ეს საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცუდი გზავნილია. ვიმედოვნებ, რომ ყველა პატიმარს ახლო მომავალში გაათავისუფლებენ და მმართველი გუნდი და ოპოზიცია გააგრძელებენ დიალოგს. თქვენი საარჩევნო კანონი ჩვენი საქმე არ არის, ეს თქვენი საქმეა, რომ საუკეთესო კანონი მიიღოთ. ვიმედოვნებ, რომ კანონი იქნება მორგებული სიტუაციაზე და მისაღები იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის”, – განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა.