რა დარღვევები გამოავლინა ომბუდსმენმა – სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2019 წელი შეაჯამა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2019 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით 2019 წელი შეაჯამა.
სახალხო დამცველის, წლის შემაჯამებელ განცხადებაში საუბარია ჰომოფობიური ჯგუფების მიერ, 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი “თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტებზე.
“ამ შემთხვევებში არაერთი ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა, რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება არჩეულ მოსამართლეთა კომპეტენტურობაში ვერ შეძლო.
“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანსიაზე უვადოდ ასარჩევად. შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას აყენებდა ეჭვქვეშ”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ყურადღება დაეთმო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასაც.
სახალხო დამცველის შეფასებით, “სახელმწიფოს მხრიდან შეკრების უფლების დაცვის, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულებები მიმდინარე წელს სათანადოდ არ სრულდებოდა. 20-21 ივნისის შეკრების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა რომ აქციის ძალის გამოყენებით შეწყვეტამდე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადგილზე არ მომხდარა მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, შეკრების მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. გარდა ზემო აღნიშნულისა, აღსანიშნავია, რომ 18 და 26 ნოემბრის მშვიდობიანი აქციები ასევე დაშლილ იქნა ძალის გამოყენებით. მართალია, მოცემულ შემთხვევაში წინა შემთხვევისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა აქციების დაშლა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით. ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი პანკისის ხეობაში მიმდინარე აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებდნენ ჰესის მშენებლობას. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ასევე არ ყოფილა გამოყენებული ყველა რესურსი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებისა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის”.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2019 წელს, განხორციელებული შეწყალებების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაუროს.
“შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება. 2019 წლის მანძილზე სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა 3 ფაქტის შესახებ, როდესაც მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებულ იქნა შეწყალება და აღნიშნულმა პირებმა, სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილის მოუხდელად დატოვეს პენიტენციური დაწესებულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შეწყალების უფლებამოსილების ამგვარმა გამოყენებამ დაარღვია სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი”,- ნათქვამია განცხადებაში.
2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლავ, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი უმწვავეს პრობლემად რჩება.
განცხადებაში ასევე საუბარია უმცირესობების უფლებებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის სისტემასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე.
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს.
“ზემო აღნიშნულზე დაყრდნობით, სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის და საჭიროების წინაშე დგას. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში. აგრეთვე, ხაზს უსვამს 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას და იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქნება გაცილებით პოზიტიური და შედეგზე ორიენტირებული”,- აღნიშნულია განცხადებაში.