თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 წლის გახდა

წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 წლის გახდა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის საიუბილეო გამოშვება ალფრედ ჰიჩკოკის 1929 წელს გადაღებული ფილმით გაიხსნა. ფილმ „შანტაჟს“ მუსიკალურ თანხლებას უწევდა „ალტერ ორკესტრა“ მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. აღსანიშნავია, რომ „შანტაჟის“ ჩვენებას ესწრებოდა კომპოზიტორი ნილ ბრენდი, რომელმაც ალფრედ ჰიჩკოკის ამ ფილმისთვის მუსიკა 2007 წელს შექმნა.
საზეიმო გახსის მსგავსად, გამორჩეული იყო თბილისის კინოფესტივალის პროგრამა, რომელიც კინოკლასიკისა და უახლესი კინოს მნიშვნელოვან ნამუშევრებს აერთიანებდა.
წელს თბილისის საერთაშორისო კინფესტივალის ფოკუს ქვეყანა დიდი ბრიტანეთი იყო. საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსთან და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, კინოფესტივალის მაყურებელმა არაერთი საინტერესო ბრიტანული ფილმი იხილა.
რეჟისორი ფოკუსში – ამ სტატუსით თბილისის მეოცე კინოფესტივალზე ცნობილი მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი სარგებლობდა. მან პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების“ ფარგლებში მასტერკლასებიც ჩაატარა.
კიდევ ერთი სიახლე, რაც კინოფესტივალის წლევანდელ გამოშვებას გამოარჩევდა 90- წამიანი ფილმების კონკურსი „დეპიქტ!“ იყო. კონკურსი თბილისისა და ბრისტოლის კინოფესტივალების თანამშრომლობით გაიმართა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია 7 დეკემბერს გაიმართა. ფესტივალი სიმბოლურად მიხეილ კობახიძის ლეგენდარული ფილმის ჩვენებით დაიხურა. ფილმი „ქორწილი“ მთავარი როლის შემსრულებელმა – გოგი ქავთავაძემ თავად წარადგინა.
ჩვენების დასრულების შემდეგ ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.
წელს პრიზები მხოლოდ ეროვნულ კონკურსში გაიცა.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“;
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“;
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – გიორგი მრევლიშვილის „თორმეტი გაკვეთილი“;
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“;
ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის – ანტონ გრომოვი და ალიშერ ხამიდხოჯაევი (დიმიტრი მამულიას ფილმისთვის „ბოროტმოქმედი“);
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“ – უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“;
საპატიო პრომეთე – კარლოს რეიგადასი, ირაკლი კვირიკაძე;
ეროვნული კინოცენტრის კონკურსი „წერე ქართულ კინოზე“, გამარჯვებულები: გიორგი ჯავახიშვილი (I ადგილი), ლევან აბდუშელიშვილი (II ადგილი) და ზაზა ცანკაშვილი (III ადგილი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები