ბაგრატიონების დინასტიის უნიკალური გამოფენა გაიმართება

20 სექტემბერს, 15:00 საათზე,  საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ბაგრატიონების დინასტიის უნიკალურ გამოფენას უმასპინძლებს.
„ბაგრატიონები საქართველოს სამეფო დინასტიაა და ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი გვარია. წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ (ამჟამად თურქეთის ისპირის რაიონი). მათ დინასტიური კავშირები ჰქონდათ შირვანშაჰებთან, ბიზანტიის დუკებისა და კომნენოსების დინასტიებთან, აგრეთვე – ბურბონებისა და რომანოვების სამეფო ოჯახებთან.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საგვარეულოს 24 პორტრეტი (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი – XIX საუკუნის დასაწყისი), მათ შორის გიორგი XI, ირაკლი ბატონიშვილი ალექანდრეს ძე ბაგრატიონ – გრუზინსკი, გრიგოლ ბატონიშვილი, ერეკლე მეორე, თეკლა ბატონიშვილი, ვახტანგ ბატონიშვილი, ეკატერინე ბატონიშვილი, პატარა კახის და მეფე თამარის პორტრეტები.
გამოფენაზე ასევე იხილავთ ნივთებს – სამეფო აღკაზმულობას, იარაღს, ბაგრატიონების გერბსა და ასტროლაბს, რომელიც მეფე ვახტანგ VI-ის დაკვეთით ირანში დამზადდა.
ექსპოზიცია უნიკალური შესაძლებლობაა ბაგრატიონთა დიდებული დინასტიის წარსულისა და მემკვიდრეობის უკეთ შესაცნობად. პორტრეტები, სამეფო რელიკვიები და ისტორიული საგანძური დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნოს ბაგრატიონთა გვარის ისტორიას. გამოფენა დამთვალიერებელს 20 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები