თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიცია პოლიტიკური მივლინებით ევროპა-ამერიკაში მოგზაურობს, მაგრამ დაქსაქსული დასავლეთი თავად გადარჩენის გზებს ეძებს და ამათ რა უნდა უშველონ?
რამდენიც არ უნდა გადაუხადონ ამერიკელ თუ ევროპელ ლობისტებს, ოპოზიციის „ლამაზი და მშვიდობიანი ავრორას” ქვემეხების გუგუნი მაინც ვერ ამცნობს მსოფლიოს ახალ რევოლუციას საქართველოში, – წერს სოციალურ ქსელში, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების საზღვარგარეთ მივლინებებს ეხმიანება.
მისივე თქმით, ლიბერალებს საქართველოში რევოლუცია აწყობთ, მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ქვეყნის ლიბერალები დაუჭერენ მხარს მომაკვდავ პარტიებს, მთავარია ახალი მსოფლიო იდგეს იმ მხარეს, სადაც საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოების დიდი ნაწილია.
„ოპოზიცია პოლიტიკური მივლინებით ევროპა-ამერიკაში მოგზაურობს. გავიგეთ, რას იხდიან ამერიკულ ლობიზმში, მაგრამ არ ვიცით რას იხდიან ევროპულ ლობიზმში. FARA “გარკვეული” მიზეზების გამო ჯერ ევროპაში არ მუშაობს. ან რაში აწყობთ ამ დონის გამჭვირვალობა ევრობიუროკრატებს? ისინი ხომ ისედაც “გამჭვირვალე” არიან უკვე მთელი მსოფლიოსთვის.
ტრამპის ამერიკამ და მოძველებული პოლიტიკის ევროპამ ჯერ საერთო ენა ვერ გამონახეს. ვნახოთ, რას იზამს ჩვენი ოპოზიცია, შეძლებენ თუ არა 4 ოქტომბრის დაანონსებული რევოლუციის საკითხში მაინც მათ შორის შეთანხმებას? ვფიქრობთ, ამჯერადაც ხელმოცარულები დაბრუნდებიან. საქართველოში რევოლუცია აწყობთ ლიბერალებს და ამ მხრივ მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ქვეყნის ლიბერალები დაუჭერენ მხარს ამ მომაკვდავ პარტიებს, მთავარია ახალი მსოფლიო იმ მხარეს დგას, სადაც საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილია.
აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს რამდენს გადაუხდის „ნაციონალური მოძრაობა” ამერიკელ ლობისტებს და რას ჩაიტანს „ლელო”- გახარია ევროპაში. ყველაზე დიდი შედეგი, რაც შეიძლება დაიდოს, არის ის, რომ გაზრდილი ჰონორარით ჯო ვილსონი და ევროპელი ბიუროკრატები ძველი მესიჯებით ახალ განცხადებებს გამოგვიცხობენ. სხვა შედეგი აქ არ იქნება. ოპოზიციამ მათი ზეობის მომენტში ვერ შეძლო შედეგის დადება და წელს ხომ შანსი მინიმალურია?
შარშან, როდესაც ამერიკა-ევროპა მთელი ძალით უტევდა ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანას, მაშინ ვერ შეძლეს ქართველი ხალხის გატეხა და წელს, როდესაც დაქსაქსული დასავლეთი თავად გადარჩენის გზებს ეძებს, ჩვენი ოპოზიციისთვის სცალია ვინმეს? რა თქმა უნდა, არა! გარდა თითო-ოროლა დაფინანსებული პოლიტიკოსისა.
რამდენიც არ უნდა გადაუხადონ ამერიკელ თუ ევროპელ ლობისტებს, ოპოზიციის „ლამაზი და მშვიდობიანი ავრორას” ქვემეხების გუგუნი მაინც ვერ ამცნობს მსოფლიოს ახალ რევოლუციას საქართველოში,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.