რუსკა თევზაძე: დაუშვებელია მართულ “პოლიტიზირებულ“ ემპათიაზე და ემოციებზე დაფუძნებული სამოქალაქო ჩართულობა
თანამედროვე, სწრაფად ცვალებად და განვითრებად ეპოქაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველ ინდივიდს გამომუშავებული ჰქონდეს სახელმწიფოებრივი ინტერესების ჯეროვანი სამოქალაქო კომპეტენციების მთელი სპექტრი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, განათლების ექსპერტი რუსკა თევზაძე წერს.
რუსკა თევზაძე სამოქალაქო ჩართულობისა და აქტიურობის კულტურას ეხმაურება, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი პლატფორმაა სახელმწიფოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის წარმართვის პროცესში.
“თანამედროვე, სწრაფად ცვალებად და განვითარებად ეპოქაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველ ინდივიდს გამომუშავებული ჰქონდეს სახელმწიფოებრივი ინტერესების ჯეროვანი სამოქალაქო კომპეტენციების მთელი სპექტრი.
სამოქალაქო ცოდნა და შესაბამისად ცნობიერება მოიცავს პიროვნულ/ინდივიდუალურ, პიროვნებათაშორის/საზოგადოებრივ და კიდევ უფრო სენსიტიურ და მაღალი რისკის შემცველ კულტურათა შორის კომპეტენციებს.
ზოგადად, ყველაზე მარტივად სამოქალაქო განათლება, ინდივიდის, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის თვითმართვის სწავლებაა, რომელიც აპრიორი უზრუნველყოფს გონივრულ და უსაფრთხო საზოგადოებრივ ჩართულობას. ეს კი ამცირებს სამოქალაქო ჩართულობისა და მონაწილეობისათვის დამახასიათებელ ბუნებრივად არსებულ რისკებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდის, როგორც ერთი მოქალაქის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური უსაფრთხოება, თუმცა სწორედ უსაფრთხოების მთელი რიგი მიმართულებები ირიბად თუ პირდაპირ განაპირობებენ საზოგადო/სამოქალაქო უსაფრთხოებას.
გადამწყვეტი როლი ეკუთვნის სამოქალაქო ცოდნის მიღებისა და შესაბამისი ცნობიერების გამომუშავებისა და ამაღლების მართებულ/მიზნობრივ მექანიზმებს. ანუ მართებულ სწავლა- სწავლების პროცესს; ღირსებაზე და სიმართლეზე დაფუძნებულ კრიტიკულ ანალიზს და შეფასებას.
მიმდინარე მოვლენებმა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დაუშვებელია მართულ „პოლიტიზირებულ“ ემპათიაზე და ემოციებზე დაფუძნებული სამოქალაქო ჩართულობა და მონაწილეობა.
შეფასების ნაწილში იკვეთება, ზოგადად ახალგაზრდების, ახალგაზრდა პოლიტიკოსების, ასევე ჩვენდა სამწუხაროდ მაგალითის მიმცემ „მრავალფეროვანი და მრავალსახიანი“ პოლიტიკოსების სამოქალაქო აღზრდის აუცილებლობა,”- წერს რუსკა თევზაძე.