ჰემლუტ გეიუკინგი: საქართველოში დესტაბილიზაციით არავინ არის დაინტერესებული, ყველას გვსურს მშვიდობა, ეს არის მკაფიო გზავნილი ყველა პოლიტიკური მხარის მიმართ
გერმანელმა ევროპარლამენტარმა ჰემლუტ გეიუკინგმა, ევროპარლამენტარებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს დესტაბილიზაციით არავინაა დაინტერესებული.
მისივე თქმით, ყველას მშვიდობა სურს და ეს არის ყველა პოლიტიკური მხარის მიმართ მკაფიო გზავნილი.
“რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი მომავალი წლის არჩევნებია. არჩევნები სამართლიანად უნდა წარიმართოს. გჭირდებათ სამართლიანი საარჩევნო სისტემა და მთავრობამ უნდა დაინახოს ეს. ევროპასთან დაახლოების მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს ადამიანის უფლებები, ღირსება და კანონის უზენაესობაა, რომელსაც პატივი უნდა სცეთ. გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო სისტემა ამის ნაწილია. არავინ არის დაინტერესებული საქართველოში დესტაბილიზაციით. ყველას გვსურს მშვიდობა და ეს არის მკაფიო გზავნილი ყველა პოლიტიკური მხარის მიმართ“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ცნობისთვის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”, 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.