ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარია – არიან დაშავებულები
თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძარია. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის „სენტა“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული.
მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს.
მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის – 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.