სოფელ ვაკიჯვარში ჰესის მშენებლობის ანგარიშის საჯარო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვარში შპს “უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენი“ 9 მგვტ-იანი სიმძლავრის ჰესის , “ნატანები 3”-ის, მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ გარემოზე ზემოქმედების კვლევა “გამა კონსალტინგს“ დაუკვეთა, რომლის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა დღეს გაიმართა.
შეხვედრაზე, ადგილობრივი ხელისუფლება, გარემოსა დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის“ წევრები და კვლევის შემსრულებელი ორგანიზაცია “გამა კონსალტინგი“ იმყოფებოდნენ.
მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნული ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, რის გამოც, საჯარო განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სოფლის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, კომპანიისგან ჰესის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებსა და სარგებლის შესახებ ინფორმაციის მიღებას მოითხოვდა.
მათი მოსაზრებით, ჰესის მშენებლობა ბუნებრივ კატასტროფებს გამოიწვევს. დაზიანდება როგორც ფლორა, ასევე ფაუნა. მდინარე ნატანების ერთი მონაკვეთის მილების ქვეშ მოქცევით ხეობის ლანდშაფტის გაუდაბნოება მოხდება.
“წინააღმდეგნი იმიტომ ვართ, რომ მთელს საქართველოში, სადაც ეს ჰესების მშენებლობა განხორციელდა, ყველგან ღვარცოფია და წაილეკა სოფლები. სვანეთში რა მოხდა, ზემო აჭარაში რა მოხდა, ბახვში, სადაც ეს ჰესი აშენდა, მოსახლეობა არაა, მაგრამ მაგასაც ექნება უარყოფითი მხარე. ჩადებენ 15 მილიონს და ვაკიჯვრის გაუდაბნოების ხარჯზე, 15 მილიარდს ჯიბეში ჩაიდებენ. ეს ერთადერთი ტყე გვაქვს, ველურ ბუნებას როგორი გაფრთხილება სჭირდება ხალხო. შეგვარგონ სოფელს ეს ბუნება. ღელედ მიედინება მდინარე და ამას ვერ აიტანს“, – განაცხადა ადგილობრივმა, ქეთინო ჯინჭარაძემ.
შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვის სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარე, ირმა გორდელაძე. მისი თქმით, მდინარეებზე ჰესების მშენებლობის მსურველები აოხრებენ ბუნებას.
“ვაკიჯვარი არის უნიკალური სოფელი, თავისი უნიკალური ხეობით. მოდიან მცირე ჰესების მშენებლობის მსურველები, მოდიან ქვა-ღორღის მწარმოებლები და აოხრებენ ჩვენს მდინარეებს. შენების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ სად და როგორ უნდა აშენდეს, ეს არის მთავარი. მოსახლეობის ნდობა ამ მხრივ არის ნული, დაანებეთ გურიის ხეობებს თავი. არ გვჭირდება მდინარეები, რომლებიც მილებში გაივლის. ისედაც გლობალური დათბობაა წინ და გველოდება კატასტროფა“, -აღნიშნა გორდელაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჰესების მშენებლობის მომხრენი არიან. მათი თქმით, აღნიშნული მშენებლობა უმუშევრობის პრობლემას ნაწილობრივ მოხსნის.
“ამაზე მცირე ჰესი არ არსებობს და ამაზე მცირე ეკონომიკური ზარალი არ არსებობს. 400 კუბი ხე-ტყე იჩეხება, მაშინ როცა გასათბობად ვჩეხავთ მარტო 1000 კუბს. სოფელში მაღაზია არ არის, მკვდარია სოფელი. ამდენი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ხალხი 24 საათი მუშაობს და პერსპექტივა არ აქვთ. ვინც წინააღმდეგია, ყველა დასაქმებულია და მუშაობს“,- ამბობს ადგილობრივი მამუკა მდინარაძე.
როგორც შპს “უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენმა“ მოსახლეობას განუმარტა, ჰესის მშენებლობაზე 80-100 ადამიანი დასაქმდება, სამუშაოები კი დაახლოებით 2 – 2.5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
“დღევანდელ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი წინასწარი კვლევები. ეს არის სკოპინგის ანგარიშის განხილვა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომ მოსახლეობამ გაიგოს, რა სახის საქმიანობა იგეგმება, რა მიახლოებითი ზარალი შეიძლება მიადგეს გარემოს და რა დადებითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა. ამ შეხვედრის შემდეგ, უკვე დეტალური შეხვედრები ჩატარდება. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების გარდა, კომპანია გეგმავს, გააკეთოს ინვესტიცია სოციალურ პროგრამებში, ან ვაკიჯვრის 250 კომლს, 200 კილოვატი დენის საფასური აუნაზღაუროს ყოველთვიურად, სანამ ჰესი იარსებებს. ეს საკითხი სოფლის და უმრავლესობის გადასაწყვეტია. შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი და მოხდება იდეების გაცვლა“, – განაცხადა შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის“ პროექტის მენეჯერმა, გიორგი მარგებაძემ.
განხილვა დამსწრეების უმეტესობამ დემონსტრაციულად დატოვა.
ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება. შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი და მოლაპარაკების შედეგად გადაწყდება აშენდება თუ არა, სოფელ ვაკიჯვარში, მდინარე ნატანებზე, 9 მგვტ-იანი ჰესი.