ბურჯანაძე ჩარკვიანს პასუხობს და მის განცხადებას პიარსვლას უწოდებს – “ოპოზიციური ჩატიდან არ გასულა”
“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მოსკოვში მის ვიზიტთან დაკავშირებით პიარ-განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ჩარკვიანი საერთო კონსულტაციებში მონაწილეობას აგრძელებს.
„პიარ განცხადება იყო მისი მხრიდან, ჩარკვიანი ოპოზიციური ჩატიდან არ გასულა და მე ვხედავ საერთო კომენტარებს ოპოზიციური მაგიდის წარმომადგენლების. ასე რომ, ის საერთო კონსულტაციებში მონაწილეობას აგრძელებს. ამ შემთხვევაში უფრო მაინტერესებდა პოლიტიკური ლიდერების პოზიციები, რომლებიც ჩემთვის სრულიად მისაღები იყო, ვიდრე ცალკეული ადამიანების ემოციური განცხადებები“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც თაკო ჩარკვიანმა “კვირას” პრესკლუბში განაცხადა, ბურჯანაძეს ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტისთვის ხალხისგან ლეგიტიმაცია არ აქვს.
მისი თქმით, ის ოპოზიცური ფორმატიდან გავიდა და ამის მიზეზია ის, რომ ბურჯანაძე ოკუპანტთან, რუსეთში გამართავს შეხვედრებს.
„იქ არის ადამიანი, რომელიც აუცილებლად ამბის გამტანია, მაგიდასთან გვიზის კაბაში პუტინი. არ ვიცით, რაზე საუბრობს, ყურში რაზე ელაპარაკება პუტინს, „ოერტზე“ აბეზღებს თავის ქვეყანას და აქედან რომ წაიღოს ამბავი და ფორმატი დააბეზღოს, გასაკვირი რა იქნება?“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.