ზურაბ აბაშიძემ მედიააკადემიაში საერთაშორისო კონფლიქტებისა და დიპლომატიის შესახებ საჯარო ლექცია გამართა
როგორ გავაშუქოთ საერთაშორისო კონფლიქტები, რა უნდა ვიცოდეთ დიპლომატიისა და საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ – ამ თემაზე პრაღიდან დაბრუნებულმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ – მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, მედიააკადემიაში საჯარო ლექცია გამართა.
როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რა როლი აქვს დიპლომატიურ სამყაროს კონფლიქტების მოგვარებაში, რა სირთულეები უძღვის ხოლმე პრაღაში “აბაშიძე-კარასინის” მოლაპარაკებებს, რა შედეგები მოაქვს აღნიშნულ ფორმატს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის – ამ მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრა ზურაბ აბაშიძე მედიის წარმომადგენლებს.
საქართველოსნ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ლექციის ფარგლებში, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რა როლი აქვს თავად მედიას ასეთი მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისას.
მედიააკადემიაში გამართულ საჯარო ლექციაზე, გარდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა, ზურაბ აბაშიძე ჟურნალისტებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს წევრობის პერსპექტივაზეც ესაუბრა.
ზურაბ აბაშიძე 2000-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო რუსეთის ფედერაციაში, მანამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1993-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს ელჩად ბენილუქსის ქვეყნებში და ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდა.
ზურაბ აბაშიძე ავტორია წიგნისა “ნატო და საქართველო: უტოპიიდან რეალობამდე”.