ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბესო ფიფიას პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლენ, შოთა ბიჭიამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ბრალდებული სამართალდამცველის ბესო ფიფიას საქმეზე, რომელმაც წალენჯიხაში გარემოს დაცვის და პოლიციის თანამშრომლებს, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ ბრალდებულ ბესიკ ფიფიას მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვა.

“ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და გვიან, 3-4 საათის გასვლის შემდეგ გამოცხადაა პოლიციაში, რაც  წარმოადგენს მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს”,- განაცხადა პირველ სასამართლო პროცესზე, პროკურორმა დავით პაპავამ.

რაც შეეხება, დაცვის მხარეს, ბრალდებულის უფლებადამცველმა დააყენა შუამდგომლობა არასაპატიმრო გირაოს შეფარდებაზე, 100 000 ლარის ოდენობით. რაც გამოძიების განმავლობაში, გირაოს უზრუნველყოფით ბრალდებულის დაპატიმრებიდან გათავისუფლებას გულისხმობდა.

პროკურორის განცხადებით, საქმე გამოძიების საწყის ეტაპზეა და მოწმეების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გამიკითხული. მისივე ინფორმაცით, საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა დანიშნული.

ბრალდებულმა სამართალდამცველმა ბესო ფიფიამ, პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა და მისი პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში უცნობია.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები